English / ქართული / русский /
რუსუდან კვარაცხელიალევან კიკილაშვილი
ქართული ხორბლის ჯეჯილის ფხვნილისა და მცენარეული ჩაის წარმოება (ბიზნესქეისი)

ანოტაცია. სტატია მოიცავს ქართული პროდუქტის  – ხორბლის ჯეჯილის ფხვნილისა და მცენარეული ჩაის წარმოების მნიშვნელობას, მის სასარგებლო მხარეებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე კახეთის რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისა და გარემოს დაცვის კუთხით. პროდუქტი იწარმოება ქართული, ენდემური სახეობის ხორბლის ბიოლოგიურად სუფთა მარცვლებისგან, ბიოლოგიური მეთოდებით მოყვანილი ჯეჯილისგან. ხორბლის ჯეჯილის წვენის სარგებლიანობასთან დაკავშირებით მსოფლიო დონის მეცნიერთა უამრავი კვლევა არსებობს. თავად პროდუქტის მწარმოებელთა შორის არიან კვალიფიციური ბიოტექნოლოგები, მეცნიერები, რომლების 2010 წლიდან მუშაობენ ქართული, ენდემური სახეობის ხორბლის კოლექციის შექმნაზე, ბიოლოგიური მეთოდებით ჯეჯილის მოყვანაზე და ჯეჯილის წვენის მომზადების საუკეთესო ტექნოლოგიებზე.

საკვანძო სიტყვები: ქართული ხორბალი,  ჯეჯილის წვენი,  ქლოროფილი, ჰემოგლობინი. 

შესავალი

მეცნიერთა გუნდი, მათ შორის აღნიშნული სტატიის ავტორი, 2005 წლიდან მუშაობს ბიოლოგიური მეთოდებით ინოვაციური პროდუქტების დამზადებაზე. გუნდის დიდი როლი იკვეთება ენდემური სახეობის ხორბლის კოლექციის, ასევე ბიოლოგიურად სუფთა სასუქებისა და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებების შექმნაში. გუნდი წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ხორბლის ჯანსაღი და სასარგებლო ჯეჯილის მოყვანის ტექნოლოგიებზე როგორც ღია გრუნტზე, ასევე სასათბურე პირობებში მისგან უნიკალური წვენის მისაღებად. გუნდი მუშაობს ასევე ენერგოეფექტიანი სათბურების თემაზე, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი პროდუქტების მოყვანას ორგანულ ნიადაგზე, მზის სხივების მაღალი კონცენტრაციის ფონზე ისე, რომ სათბურის ეკონომიკური დანახარჯი იყოს შედარებით დაბალი. ენერგოეფექტიანი სათბურის პირობებში შემუშავებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო და დაბალი დანახარჯის მქონე გათბობის სისტემები, რაც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს მიღებული პროდუქტის უსაფრთხოებას.

ხორბლის ჯეჯილის ცინცხალი წვენი, ეგზოტიკური და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების წყალობით, წარმოადგენს კონკურენტუნარიან პროდუქტს, ძვირადღირებული კოქტეილების წამყვან ინგრედიენტს თანამედროვე ბარებსა და რესტორნებში, თუმცა ჯეჯილის წვენის განსაკუთრებულობა ვლინდება მის როგორც გემოვნურ, ისე ვიზუალურ და თვისებრივ მახასიათებლებში. ჯეჯილის ცოცხალ წვენს შეუძლია ადამიანის ორგანიზმი მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოს საჭირო ვიტამინებით, მინერალებით, ფერმენტებითა და მცენარეული უჯრედისით. იმისათვის, რომ ჯეჯილის სარგებლიანობა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული საბოლოო პროდუქტში, სასურველია მისი ნედლი სახით დაწურვა ან გამოშრობა და ფხვნილის სახით მიღება. ბევრი უცხოური კვლევა ადასტურებს, რომ ჩვეულებრივ პირობებში ჯეჯილის წვენის გაყინვა ან შენახვა სამაცივრე პირობებში განაპირობებს მისი სარგებლიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას. ჯეჯილის ახლადდაწურული წვენის მიღება რეკომენდებულია მაქსიმუმ 20-30 წთ-ის განმავლობაში. ხოლო ჯეჯილის ფხვნილის მიღება ხდება მისი წყალხსნარის სახით ნებისმიერ დროს. 2022 წლის ბოლოს, პირველად კავკასიაში, შეიქმნება ინოვაციური პროდუქტი – ქართული ხორბლის ჯეჯილის ფხვნილი და მცენარეული ჩაი, ასევე დაგეგმილია ჯეჯილის ფხვნილით გამდიდრებული ხილისა და ბოსტნეულის ჩირების წარმოება გლობალურ ბაზარზე ექსპორტის მიზნით.

21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვევად რჩება ჯანსაღი კვება, ჯანმრთელობის შენარჩუნება, არაგადამდები დაავადებების შემცირება და სიცოცხლის გახანგრძ­ლივებაზე ზრუნვა. განსაკუთრებით კოვიდ-19-ის ეპოქაში გაახალგაზრდავე­ბულია და პროვოცირებულია სხვადასხვა დაავადება. მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. რაც შეეხება საქართველოს, გლობალური შიმშილის ინდექსის თანახმად, ქვეყანა 27-ე ადგილს იკავებს 116 ქვეყანას შორის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საჭიროა დროული ცვლილებები [ინტერნეტ წყარო 1.].

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, არაგადამდები დაავადებებისგან ყოველწლიურად 17 000 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ჯეჯილის ფხვნილის მწარმოებელთა გუნდი აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან, მათი ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის ამაღლების კუთხით. იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიება  მოზარდებისთვის, ასევე თინეიჯერებისთვის და სტუდენტებისთვის; მომხმარებლებთან დამყარებულია როგორც დისტანციური, საინფორმაციო-შემეცნებითი, ისე პრაქტიკული ხასიათის კომუნიკაცია; ტარდება მასტერკლასები  ჯანსაღი საკვებისა და კოქტეილების მომზადების, ჯანსაღი პროდუქტების ბიოლოგიური მეთოდებით მოვლა-მოყვანის მიმართულებით.

ჯეჯილის წვენი (ნედლი ან ფხვნილის სახით) არის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობას, მათ შორის სხვადასხვა დაავადების პრევენციასა და მკურნალობას. ნუტრიენტებით გაჯერებული პროდუქტი ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებას, აუმჯობესებს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობას, აფერხებს დაბერების პროცესს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხორბლის ჯეჯილი შეიცავს ისერთ ფერმენტებს, როგორიცაა პროტეაზა, ციტროქრომი, ამილაზა, ლიპაზა, ტრანსჰიდროგენაზა და სუპერ ოქსიდის დისმუტაზა. გარდა ამისა, ასევე შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, განსაკუთრებით ალანინს, ასპარატისა  და გლუტამინის მჟავებს, არგინინს და სერინს, რაც აუცილებელია ორგანიზმის პროტეინებით უზრუნველსაყოფად, ქსოვილების შენებისა და აღდგენისათვის. ხორბლის ჯეჯილი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით შეიცავს ქლოროფილს და ფლავონოიდებს, ვიდრე სხვა მწვანე პროდუქტები. პროდუქტი მდიდარია ვიტამინებით, მასში შედის  A, C და E  ვიტამინები. ასევე გამოირჩევა მინერალების შემცველობით (რკინა, კალციუმი, მაგნიუმი). ქლოროფილის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი წარმოქმნა, ანემიის მკურნალობა, არტერიული წნევის ნორმალიზება, სისხლძარღვების გაფართოება. დადასტურებულია, რომ ქლოროფილი ქმნის არახელსაყრელ გარემოს ორგანიზმში ბაქტერიების გამრავლებისთვის, შესაბამისად, ეფექტურია დაავადებისადმი სხეულის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად. ხორბლის ჯეჯილის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი ორგანიზმისთვის არის მისი, როგორც სიმსივნური უჯრედების განვითარების წინააღმდეგ მებრძოლი აგენტის ფუნქცია. ეს ფაქტი უამრავი ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით დასტურდება, ხორბლის ჯეჯილის სისტემატური მიღება ხელს უწყობს სიმსივნის დამარცხებას და დიდ როლს თამაშობს კიბოს პრევენციაში. ხორბლის ჯეჯილი, მაღალი დონის ანტიოქსიდანტია, იგი ავლენს იმუნიზაციურ ეფექტს კანცეროგენების წინააღმდეგ  [Annapurna 2011].

როგორც ზემოთ აღინიშნა, ხორბლის ჯეჯილის სარგებლიანობა მაღალია მისი ნედლი სახით დაწურვის ან გამომშრალი ფხვნილის სახით მიღების შემთხვევაში. სწორედ ასეთი ჯეჯილი უზრუნველყოფს ორგანიზმს ქლოროფილით, ამინომჟავებით, მინერალებით, ვიტამინებით და ფერმენტებით.

ხორბლის ჯეჯილის წვენი ადამიანს ანიჭებს მეტ ენერგიას მაღალი კვებითი ღირებულებების და დეტოქსიკაციის გზით. ამ დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება ის ტოქსინები, რომლებიც ბლოკავენ უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს. ხორბლის ქორფა ჯეჯილი, ახლად დაწურული ან ფხვნილის ფორმით, ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო ანეიტრალებს ინფექციებს, კურნავს ჭრილობებს, აქრობს ანთებით პროცესებს, ებრძვის პარაზიტულ ინფექციებს. ხორბლის ჯეჯილის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე არის: სისხლის გაწმენდა, ღვიძლის დეტოქსიკაცია და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა. ეს ყველაფერი კი უკავშირდება ქორფა ჯეჯილს, როგორც ვიტამინების A, B, C, E და K, კალციუმის, კალიუმის, რკინის, მაგნიუმის, ნატრიუმის, გოგირდისა და ამინომჟავების 17 ფორმის უმდიდრეს წყაროს.

დოქტორ ბირჩერი, მკვლევარი მეცნიერი, ქლოროფილს უწოდებს „კონცენტრირებულ მზის ძალას“. იგი ამტკიცებს, რომ ჯეჯილის წვენის გამოყენებით უმჯობესდება გულის მუშაობა, წესრიგდება სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქციონირება, ნაწლავების მოქმედება, ნარჩუნდება საშვილოსნოს და ფილტვების ჯანმრთელობა. დოქტორ ბირჩერის აზრით, ბუნება თავად სთავაზობს ადამიანებს ქლოროფილს, როგორც სხეულის გამწმენდ, აღმდგენ და ტოქსინების განეიტრალების საშუალებას. ხორბლის ჯეჯილის წვენს შეუძლია დაშალოს ნაწიბურები, რომლებიც წარმოიქმნება ფილტვებში დაბინძურებული ჰაერისგან, ვინაიდან ქლოროფილი ზრდის ჟანგბადის შემცველობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას [Mujoriya and Babu Bodla KIET 2011]. 

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხორბლის ჯეჯილის წვენის მიღებით ორგანიზმში საგრძნობლად იზრდება ჰემოგლობინის დონე. ამის მიზეზი კი მდგომარეობს ქლოროფილისა და ჰემოგლობინის მოლეკულების დიდ მსგავსებაში.

ქლოროფილი (chlorophyll) არის მცენარეული «ჰემოგლობინი»,  მზის ენერგიის წყარო, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას, იწვევს მოძრაობის რეზონანსს.

მწვანე მცენარეების სამკურნალო ძალა ცნობილია უძველესი დროიდან. ყველა ძუძუმწოვარი ავადმყოფობის დროს მიმართავს მწვანე დიეტას. ეს აიხსნება მცენარეებში ქლოროფილის მაღალი შემცველობით. ქლოროფილი  არის მთელი მცენარეული სამყაროს ფუძე, ის წარმოადგენს მზის სხივის პირველად პროდუქტს და მასში უფრო მეტი სინათლის ენერგიაა, ვიდრე სხვა რომელიმე ელემენტში. მზის სინათლის ენერგიის დაჭერით,  ფოტოსინთეზის პროცესის გზით ქლოროფილი აწარმოებს საკვებს მცენარეებისთვის, გარდაქმნის წყალს და ნახშირორჟანგს ჟანგბადსა და გლუკოზაში.

1915 წელს ექიმმა რიხარდ ვილშტატერმა ნობელის პრემია მიიღო ქიმიური ნაერთის,  ქლოროფილის აღმოჩენისთვის, ეს არის ნახშირბადის, წყალბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომების ქსელი, რომლებიც განლაგებული არიან მაგნიუმის ატომის გარშემო. თხუთმეტი წლის შემდეგ, 1930  წელს, ნობელის პრემია მიიღო ასევე დოქტორ ჰანს ფიშერმა, რომელმაც აღმოაჩინა ჰემოგლობინის ქიმიური სტრუქტურა – ძირითადი სასუნთქი პიგმენტი ადამიანის სისხლში – და, თავის გასაკვირადაც, აღმოაჩინა, რომ ის პრაქტიკულად ქლოროფილის იდენტურია.

ჰემოგლობინი, როგორც პიგმენტი, განაპირობებს სისხლის უჯრედების წითელ ფერს ისევე, როგორც ქლოროფილი  –  მცენარეთა მწვანე ფერს. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ქლოროფილის კომპლექსის ცენტრში იმყოფება მაგნიუმის ატომი, ხოლო ჰემოგლობინისაში – რკინა. ამიტომ ქლოროფილს შეუძლია მოახდინოს სისხლზე ჰემოგლობინის მსგავსი მოქმედება: ჟანგბადის დონის ამაღლება, აზოტის ცვლის დაჩქარება. შესაბამისად, ხორბლის ჯეჯილის წვენი შესანიშნავია ყველა სახის სისხლის დარღვევის დროს.

ხორბლის ჯეჯილის pH არის დაახლოებით 7 (ტუტე), ამავე დროს ქლოროფილი არის კოლოიდურ ფორმაში, ამიტომ იგი სწრაფად და სრულად შეიწოვება სისხლში.

ქლოროფილის განსაკუთრებული შემცველობის გამო ჯეჯილის წვენის ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენის პროცესს ხშირად „მწვანე სისხლის თერაპიას“ უწოდებენ. ტერმინი უკავშირდება ხორბლის ჯეჯილის წვენს, რომელსაც ასევე უწოდებენ „მწვანე სისხლს“. ვინაიდან ხორბლის ჯეჯილის წვენი შეიცავს ბევრ, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებას და ითვლება სრულფასოვან საკვებ პროდუქტად, „მწვანე სისხლის თერაპია“ დადებითად მოქმედებს და რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადებისგან განკურნების პროცესში, მათ შორის პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

ასთმა,ათეროსკლეროზი, პარკინსონის დაავადება, სახსრების ტკივილი, ტუბერკულოზი, ყაბზობა, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ბრონქიტი, უძილობა, ეგზემა, სისხლდენა, ჭარბი წონა, მეტეორიზმი. ჯეჯილის წვენი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მიიჩნევა სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯეჯილის წვენი ორგანიზმში უჯრედულ დონეზე ახდენს დეტოქსიკაციას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მისი ჩართვა ჯანსაღ დიეტებში, წონაში სწრაფი და ჯანსაღი გზით კლების პროცესში. ჭარბწონიან ადამიანებში ჯეჯილის წვენის მიღებით გახდომის პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში სხვა, დადებითი ზეგავლენის პარალელურად. ამ დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები, თითოეული უჯრედი მარაგდება ჟანგბადით და აქტიურდება, ანუ გახდომა მიმდინარეობს ზოგადი გაჯანსაღების ფონზე. ეს არის სრულიად უსაფრთხო გზა წონაში დასაკლებად, ვინაიდან არ ხდება ორგანიზმზე აგრესიული დიეტური დამოკიდებულება, არ არის საჭირო შიმშილი, ადამიანი იკვებება ჩვეულებრივ  მას შემდეგ, რაც უზმოზზე მიიღებს ჯეჯილის წვენს, 20 წთ-ში კი ისაუზმებს.

ერთადერთი, როდესაც რეკომენდებული არ არის ჯეჯილის წვენის უზმოზე მიღება, არის კუჭის წყლულის შემთხვევა. ამ დროს უმჯობესია ჯეჯილის წვენის მიღება არა უზმოზე, არამედ სადილამდე 20 წთ-ით ადრე.

ხორბლის ჯეჯილის მაღალი კვებითი ღირებულებები დიდწილად უკავშირდება ქორფა ქლოროფილის თვისებებს. მისი მიღება შესაძლებელია როგორც პერორალურად, ისე მსხვილი ნაწლავის იმპლანტის სახით, ტოქსიკური ეფექტების გარეშე.

ხორბლის ჯეჯილი მდიდარია ჟანგბადით, ხოლო ადამიანის თავის ტვინისა და მთელი ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია უჯრედების ოპტიმალურ დონეზე მაღალჟანგბადიან გარემოში არსებობა.

ქლოროფილი ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით, ამიტომ შესაძლებელია მისი  როგორც შინაგანი მიღება, ასევე გარეგანი გამოყენება, სამკურნალო დანიშნულებით.

ხორბლის ჯეჯილში არსებული ქლოროფილი აღადგენს სისხლის ნაკადს. სხვადასხვა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  ქლოროფილი თავისუფალია ყოველგვარი ტოქსიკური რეაქციისგან. ქლოროფილის მიღების პარალელურად, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ნორმას უბრუნდება 4-5 დღის განმავლობაში თუნდაც იმ ცხოველებში, რომლებიც უკიდურესად ძლიერი ანემიით ან წითელი უჯრედების სიმცირის  გამო არიან დაავადებულნი.

დოქტორი ენ უიგმორი 30 წლის განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობებისგან გამოჯანმრთელებაში სწორედ ჯეჯილის წვენის გამოყენებით. თხევადი, ამავე დროს ქორფა ქლოროფილი ხვდება ქსოვილებში, ასუფთავებს და აჯანსაღებს მათ.

ხორბლის ჯეჯილის წვენი მიიჩნევა ყველაზე ძლიერ დეტოქსიკაციის საშუალებად, სხვა ხილისა თუ ბოსტნეულის წვენთან შედარებით. დოქტორი ერპ-თომასი, ენ ვილმორის ასოცირებული პროფესორი, ამტკიცებს, რომ 15 ფუნტი ხორბლის ბალახი ეკვივალენტია 350 ფუნტი სტაფილოსი, სალათის ფოთლის ან ნიახური და სხვ. ბოსტნეულის წვენისა.

თხევადი ქლოროფილი დევნის მედიკამენტოზურ და სხვადასხვა სახის ტოქსინებს ორგანიზმიდან და  ანეიტრალებს მათ.

ქორფა, თხევადი ქლოროფილი არეგულირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას.

American Journal of Surgery-ში, 1940 წ. ბენჯამინ რასკინი MD რეკომენდაციას უწევს ქლოროფილს მისი ანტისეპტიკური თვისების გამო. სტატია გვთავაზობს ქლოროფილის გამოყენებას სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა: სტრეპტოკოკული ინფექციების განეიტრალება, ჭრილობების შეხორცების დაჩქარება, ქრონიკული სინუსიტის განკურნება, შიდა ყურის ქრონიკული ანთება და ინფექციები, ვარიკოზული ვენები, წყლულები, გამონაყარი, სწორი ნაწლავის წყლულები, საშვილოსნოს ყელის ანთება, პარაზიტული ვაგინალური ინფექციები და სხვ.

ხორბლის ჯეჯილის წვენის რეგულარული მიღება არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის დონეს. შესაბამისად, დადებითად მოქმედებს კბილების, ძვალ-სახსროვანი სისტემის მდგომარეობაზე, თმის სტრუქტურაზე, მათ შორის აფერხებს თმის გაჭაღარავების პროცესს და ა.შ.  დადებითად მოქმედებს კანის ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი.

ჯეჯილის წვენი გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების დროს როგორც სავლები ან წვენში დასველებული ბამბის საფენის სახით,  ან კიდევ ამ დროს სასურველია ჯეჯილის დაღეჭვა;

იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის ჯეჯილის წვენის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აწესრიგებს მონელების პროცესს, მისი გამოყენება რეკომენდებულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში, აქ დიდ როლს თამაშობს წვენში დიდი რაოდენობით მაგნიუმის შემცველობა.

ჯეჯილის წვენის მომზადების მეთოდი მარტივია: ხორბლის ქორფა ჯეჯილი, იჭრება 7-10 სმ სიმაღლეზე, ირეცხება და იწურება სპეციალური საწურით ან ქუცმაცდება ბლენდერის საშუალებით.  სპეციალური საწურით შემთხვევაში მიიღება ჯეჯილის კონცენტრატი, რომლის დღიური, რეკომენდებული დოზა, პროფილაქტიკის მიზნით არის 30-50 გრ. სამკურნალო დანიშნულებით ჯეჯილის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის პროცესში, დასაშვებია 90 გრ. კონცენტრატის მიღება ყოველდღიურად, უზმოზე. იმ შემთხვევაში, თუ ჯეჯილს ვამუშავებთ ბლენდერის საშუალებით, ვათავსებთ მას ბლენდერში, ვამატებთ 150 გრ. სითხეს, შესაძლებელია ეს იყოს ცოცხალი წყალი, ან ვაშლის წვენი, ვაბლენდერებთ, შემდეგ ვწურავთ და მივირთმევთ ასევე უზმოზე. ჯეჯილის წვენს გააჩნია ეგზოტიკური ბალახის გემო, რაც სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს. შესაძლებელია მზა წვენში ცოტაოდენი ჯინჯერის ან ლიმონის წვენის დამატება, რაც ანეიტრალებს მის  სპეციფიკურ გემოს. 

დასკვნა

ახლად  დაწურული ჯეჯილის წვენი არის ხასხასა მწვანე ფერის, რის გამოც მას სულ უფრო აქტიურად იყენებენ კულინარიაში, ბარებსა და რესტორნებში. კერძებში ჯეჯილის წვენს იყენებენ ბუნებრივი მწვანე ფერის მისაღებად, მაგალითად, მზადდება მწვანე ღომი. ბარებში კი ჯეჯილის წვენისგან უამრავი საინტერესო და მიმზიდველი, ხასხასა მწვანე ფერის ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო კოქტეილი მზადდება.

ხორბლის ნორჩი ჯეჯილის ადამიანის სასარგებლოდ გამოყენებისთვის აუცილებელი პირობა არის ის, რომ საწყისი თესლი, ხორბლის მარცვალი იყოს ბიოლოგიურად სუფთა და თავად ჯეჯილის მოყვანის პროცესში დაცული იყოს ბიოლოგიური მეთოდები.  

მოცემული ბიზნესქეისის ფარგლებში შპს „გლობალ ეკო ჯორჯია“ კახეთის რეგიონში აწარმოებს ქართული, ენდემური სახეობის ხორბლის, ბიოლოგიური მეთოდით მოყვანილი ჯეჯილის ფხვნილს. თითოეულ მზა პროდუქტს თან ახლავს (QR)კოდი, მისი წარმოების სრული სურათის აღსაქმელად, რათა მომხმარებლამდე სწორად და ზუსტად მივიდეს ინფორმაცია. აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ადგილობრივების ჩართულობაზე, აწვდის მათ საჭირო ინფორმაციებს, სთავაზობს ცოდნას ბიოტექნოლოგიების კუთხით. რეგიონში ბიოწარმოების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება, ტრენინგი, გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალი და ა.შ. იმისათვის, რომ ხორბლის ჯეჯილს სრულად ჰქონდეს მისთვის დამახასიათებელი დადებითი, უნიკალური თვისებები და ორგანიზმზე ასევე მხოლოდ დადებითი ზეგავლენა მოახდინოს, აუცილებელია ხორბლის მარცვალი იყოს ბიოლოგიურად სუფთა, ხოლო ჯეჯილის მოყვანა მოხდეს ბიოლოგიური მეთოდებით. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია რეგიონში ბიომეურნეობებისა და ბიოლოგიური მეთოდების შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება. იმისათვის, რომ მოცემულმა კომპანიამ აწარმოოს დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის ხორბლის ჯეჯილის ფხვნილი, მას სჭირდება შესაბამისად დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის პირველადი პროდუქტი. ორგანიზაცია ცდილობს მრავალი ახალგაზრდა დააინტერესოს, ჩართოს საქმიანობის პროცესში, გაუწიოს კონსულტაცია, მიაწოდოს ბიოლოგიურად სუფთა, ქართული, სერტიფიცირებული სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები (მწარმოებელი: ბიოაგრო  –  მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი), ხელი შეუწყოს მწარმოებელთა კოოპერირებას, შეისყიდოს მათგან პროდუქცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და განავითარებს თავად მოცემულ ბიზნესს. მოცემული სტრატეგიის პირობებში კომპანია შეძლებს წარმატებით გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დაიმკვიდროს ადგილი გლობალურ ბაზარზე.

ქართულ მიწაზე ბიოლოგიური მეთოდებით წარმოებული ენდემური სახეობის ხორბლის ჯეჯილი განსაკუთრებით შესარგია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯეჯილის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მაქსიმალურად გამოსავლენად მნიშვნელოვანია მისი მოყვანის პირობების დაცვა. აუცილებელია პროდუქტი მოვიყვანოთ ორგანულ ნიადაგზე მზის სხივების ქვეშ. პროდუქტის მოყვანა ასევე შესაძლებელია სასათბურე პირობებში მთელი წლის განმავლობაში. ხორბლის დათესვიდან ჯეჯილის სათანადო დონის მისაღებად საჭიროა 10-12 დღე, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტად მსოფლიოში ზამთარგამოვლილი ჯეჯილი მიიჩნევა. ამ შემთხვევაში პროდუქტის მოყვანა ხდება ნოემბერი-მაისის პერიოდში, როდესაც მცენარეს ბუნებრივად უწევს შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის კლიმატის გამოვლა, თოვლის საფარის ქვეშ არსებობა, ყინვის პირობებში თვითგადარჩენა, ბოლოს კი გაზაფხულის მზის სხივების მაქსიმალურად შთანთქმა. ყოველივე ეს მაქსიმალურად აძლიერებს ჯეჯილს, ამდიდრებს მას ქლოროფილით და მშრალი ორგანული ნივთიერებებით. დაახლოებით 7-10 სმ სიმაღლის დონეზე ხდება მისი გადაჭრა, გამოშრობა და ფხვნილის მომზადება.

პროდუქტი იწარმოება კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო წლების  განმავლობაში ნადგურდება ეკოსისტემა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების აქტიურად დაწვის შედეგად. მოცემული ბიზნესქეისის ფარგლებში კომპანია ცდილობს ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია კომპოსტირების, მულჩირების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოყენება სხვადასხვა პროდუქტის მოსაყვანად, „გლობალ ეკო ჯორჯიას“ გუნდი მოსახლეობაში ნერგავს ბიომეურნეობის მოდელს სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის, ბიომეურნეობებზე დაფუძნებული აგროტურიზმის განვითარების კუთხით. ბიოტექნოლოგიებზე დაყრდნობით მართული აგროტურისტული ობიექტები მსოფლიოს მასშტაბით იზიდავს განსაკუთრებულად მაღალგადახდისუნარიან ტურისტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ბიოლოგიური მეთოდების პრაქტიკული შესწავლა, ბიოპროდუქტების ადგილზე მიღება, შესყიდვა და ა.შ. მით უფრო, როდესაც კახეთის რეგიონს და განსაკუთრებით სიღნაღის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული დატვირთვა გააჩნია, ტურისტებზე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს მსგავსი ბიოფერმერული მეურნეობების ბაზაზე არსებული საოჯახო სასტუმროების შეთავაზებები. შედეგად, ფერმერი ქმნის საერთაშორისო სტანდარტის ბიოპროდუქტს, რომლის რეალიზაციაშიც ეხმარება „გლობალ ეკო ჯორჯია“, ამავე დროს იზიდავს ტურისტების მაღალგადახდისუნარიან სეგმენტს. შესაბამისად, უმჯობესდება ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალური მდგომარეობა, თავიდან არის აცილებული გარემოს დაბინძურება, რაც მთლიანობაში ნიშნავს რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმულ ნაბიჯს. 

ილუსტრაცია №1. ჰემოგლობინისა და ქლორფილის მოლეკულები

 

კომპანია სტრატეგიას შეიმუშავებს ბაზრის ანალიზის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ოფიციალურ კვლევით მონაცემებს. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 22% მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, თითქმის 100 000 ადამიანი იკვებება ჯანსაღად ან იყენებს საკვებ დანამატებს. ისინი თვეში ხარჯავენ საშუალოდ 100-200 ლარს ჯანსაღ კვებასა და კვებით დანამატებში, რაც საბოლოოდ აღწევს 10 000 000 - 20 000 000 ლარს.

კომპანია საწყის ეტაპზე გეგმავს ადგილობრივი ბაზრის გაჯერებას პროდუქტით, მომდევნო წლებში კი გლობალური ბაზრების დაკავებას. 2022 წლის მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის დანახარჯი ჯანსაღ კვებაზე 3,294  მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, 2027 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 4,277 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს  [ინტერნეტწყარო 2.].

                                                                                                                           ცხრილი №1

ჯეჯილის მახასიათებლების შედარება, სხვა მსგავს პროდუქტებთან

 

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0010/243298/Georgia-WHO-Country-Profile.pdf  29.09.2022.
  2. https://www.imarcgroup.com/health-wellness-market 29.09.202229.09.2022.
  3. Annapurna, A. 2011. “Wheat Grass Health Benefits.” Asian Journal of Pharmaceutical Research and Health Care 3 (3): 62.
  4. Mujoriya, Rajesh, and Ramesh Babu Bodla KIET. 2011. “A Study on Wheat Grass and Its Nutritional Value.” Issn 2 (January 2012): 2224–6088. www.iiste.org.